სტიპენდია და ფინანსური მხარდაჭერა
სტიპენდია და ფინანსური მხარდაჭერა
“ევროპის უნივერსიტეტში” მოქმედებს სტიპენდიის დანიშვნისა და ინდივიდუალური გადახდის გრაფიკით სარგებლობის წესი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე მიიღონ უნივერსიეტის მიერ დანიშნული სტიპენდია და შეადგინონ მასზე მორგებული გადახდის გრაფიკი.
გარდა ამისა, სტუდენტებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, არსებობს სპეციალური საშეღავათო მექანიზმები. “ევროპის უნივერსიტეტი” ასევე მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს და სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, რაც გამოიხატება გაფორმებული მემორანდუმებით გათვალისწინებულ შეღავათებში.
“ევროპის უნივერსიტეტში” სტიპენდია გაიცემა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტზე, სტიპენდიის განსაზღვრის საფუძველია წინა სემესტრის აკადემიური შედეგები. შეფასების შედეგები დაითვლება სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასებების კრედიტებთან შეწონილი საშუალო ქულის გამოთვლით. ასევე, სტუდენტს ყველა სასწავლო კურსში მიღებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ A (91-100 ქულა) შეფასება (A შეფასება ყველა სასწავლო კურსში სტუდენტს უნდა ჰქონდეს მიღებული დასკვნით გამოცდაზე, დამატებით გამოცდებზე გასვლის გარეშე).
მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში დაფინანსდება საუკეთესო შედეგების მქონე 13 სტუდენტი, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფარგლებში 4 სტუდენტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ფარგლებში 4 სტუდენტი, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში 2 სტუდენტი, ხოლო სტომატოლოგიის ფაკულტეტის ფარგლებში 7 სტუდენტი.
სტიპენდია ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე განისაზღვრება 125 (თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადს) ლარის ოდენობით, ხოლო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე 250 ლარის ოდენობით (თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადს), რომელიც გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში (5 თვის ვადით). სტუდენტი კარგავს სტიპენდიით სარგებლობის უფლებას სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
ევროპის უნივერისიტეტში მოქმედებს „შპს ევროპის უნივერსიტეტის მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმები“. უნივერსიტეტი მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებულ სტუდენტებს სთავაზობს 20%- იანი ფინანსური შეღავათით სარგებლობის უფლებას. უნივერსიტეტი ყოველწლიურად განსაზღვრავს კვოტას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ფინანსური შეღავათით. კვოტა გამოითვლება შემდეგი პრინციპით: ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული პირების საერთო რაოდენობის არაუმეტეს 5%-ს შეუძლია ისარგებლოს სტუდენტთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის გათვალისწინებული ფინანსური შეღავათით. თუ ჩარიცხულ სტუდენტთაგან მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული სტუდენტების რაოდენობა აჭარბებს 5%-ს, უპირატესობა მიენიჭება ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებს.
მხარდაჭერის გავრცელების სფერო
1. ფინანსური შეღავათები ვრცელდება შემდეგ სამიზნე ჯგუფებზე:
ა) სოციალურად დაუცველ პირებზე;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე;
გ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებზე;
დ) მრავალშვილიანი ოჯახის წევრებზე;
ე) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილებზე.
2. იმ სტუდენტმა, რომელიც განეკუთვნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ
სამიზნე ჯგუფს, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, შესაძლებელია მოიპოვოს
მოწყვლადი ჯგუფებისთვის გათვალისწინებული ფინანსური შეღავათი.
უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს სტუდენტს ისარგებლოს სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური განრიგით (მაგ: სტუდენტს აქვს შესაძლებლობა სწავლის წლიური გადასახადი გადაინაწილოს ათ ნაწილად ან შეადგინოს მასზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკი).
სტუდენტების მიერ ფინანსური შეღავათით სარგებლობის ფარგლებში 2015 წელს უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან, რომლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლის საფასურის 20%-ს დაუფინანსებს უნივერსიტეტი.
ასევე, სტუდენტების მიერ ფინანსური შეღავათით სარგებლობის ფარგლებში, 2020 წელს უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რომლის შესაბამისადაც სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 20%-ს დაუფინანსებს უნივერსიტეტი.