მობილობა

მობილობის პროცესი ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

როგორ ვისარგებლო გარე მობილობით?

მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განამვლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. გარე მობილობით სარგებლობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი  და ასევე, სტატუსშეწყვეტილ პირს, სტატუსის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში.

უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს მობილობის უფლება აქვთ, მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებსაც შეესაბამება მათ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები, რის კონტროლსაც მობილობის პროცესში უზრუნველყოფს ელექტრონული პორტალი.

მობილობის უფლების მოსაპოვებლად სტუდენტმა უდნა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • დარეგისტრირდეს მობილობის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/;
  • აირჩიოს  ევროპის უნივერსიტეტში სასურველი პროგრამა/პროგრამები;
  • სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში;
  • გაეცნოს მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო გვერდზე;
  • ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობის უფლების მოპოვების (დადებითი პასუხის) შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით ევროპის უნივერსიტეტს, რექტორის მიერ ბრძანებით დადგენილ ვადებში და წარმოადგინოს პირადი საქმის ასლები. დაუშვებელია სტუდენტისათვის პირადი საქმის ასლების მიღებაში ხელის შეშლა;
  • გაეცნოს ევროპის უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი;
  • სტუდენტი მობილობის წესით ჩარიცხულად ითვლება ევროპის უნივერსიტეტის მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან;
  • თუ სტუდენტი უარს აცხადებს მობილობის წესით ჩარიცხვაზე, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ევროპის უნივერსიტეტს მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

ა) განცხადება (ივსება უნივერსიტეტში);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);

თ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ ან ჩარიცხულ სტუდენტს, რომელმაც გამომშვებ

უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული/ინგლისური ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.  “ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად.  აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

როგორ ვისარგებლოთ შიდა მობილობით?

ევროპის უნივერისტეტის სტუდენტს უფლება აქვს სწავლის პერიოდში შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა.

შიდა მობილობა გულისხმობს  სტუდენტის მიერ საგნმანათლებლო პროგრამის შეცვლას უნივერსიტეტის შიგნით. შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას რექტორის ბრძანების საფუძველზე უნივერსიტეტი ახორციელებს წელიწადში ორჯერ.

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს ეძლევა სტუდენტის სტატუსის მოპოვებიდან ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

შიდა მობილობა  შესაძლებელია  განხორციელდეს  უმაღლესი  განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად. 

უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს შიდა მობილობის უფლება აქვთ, მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებსაც შეესაბამება მათ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები, რის კონტროლსაც შიდა მობილობის პროცესში უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტი უფლებამოსილია გამოაცხადოს რიგგარეშე შიდა მობილობა საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში ან უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში.

შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება ხორციელდება ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში. მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენის მიზნით რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია, რომელიც ადგენს შიდა მობილობით გადასვლის  მსურველი პირის მიერ სხვა საგნმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ. შიდა მობილობით სტუდენტის გადაყვანა სხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტად ფორმდება რექტორის ბრძანებით.