გაცვლითი პროგრამები
„ევროპის უნივერსიტეტი“ სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით 60-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. სტუდენტებს და აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით.
„ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს სთავაზობს როგორც ერაზმუს+ სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობას, ასევე პარტნიორ ინსტიტუციებთან ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსებით ბილატერულ მობილობას.
ერაზმუს+ მობილობის შესახებ:
დღევანდელი მონაცემებით, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა, ევროკავშირის სრული დაფინანსებით, გაემგზავრონ ევროპის შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ლუსია დე ბრუკერის უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ბელგია
- PXL უნივერსიტეტი, ბელგია
- ველიკო ტარნოვოს "წმინდა კირილეს და წმინდა მეთოდეს" უნივერსიტეტი, ბულგარეთი
- მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი
- სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთი
- ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
- საქარიას უნივერსიტეტი, თურქეთი
- ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტი, თურქეთი
- გაბრიელ დ'ანუნციოს" უნივერსიტეტი კიეტი-პესკარა, იტალია
- ღია უნივერსიტეტი, კვიპროსი
- დაუაგვპილსის უნივერსიტეტი, ლატვია
- EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია
- უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა
- ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი
- ვროცლავის ბიზნესის გამოყენებათა მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
- პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- WSB უნივერსიტეტი დობროვა გორნიცა, პოლონეთი
- ლუსიენ ბლაგას უნივერსიტეტი სიბიუში, რუმინეთი
- ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი, რუმინეთი
- პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი
- ნიშის უნივერსიტეტი, სერბეთი
- კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში, სლოვაკეთი
- ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია
- მედიმურჯეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ჩაკოვიჯეში, ხორვატია
- PAR საუნივერსიტეტო კოლეჯი, ხორვატია
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე (ბილატერული) მობილობის შესახებ:
აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, თანადაფინანსებას თავად ევროპის უნივერსიტეტი და პარტნიორი ინსტიტუცია უზრუნველყოფენ. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური მობილობის გეოგრაფიული არეალი, ერაზმუს+ სასტიპენდიო პროგრამისგან განსხვავებით, არ არის შეზღუდული ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და პარტნიორი უნივერსიტეტი შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარეობდეს. ევროპის უნივერსიტეტს ჰყავს 60 საერთაშორისო პარტნიორი, რომლებთანაც გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი და შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს საერთაშორისო მობილობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის მიხედვით.
სტუდენტების შემთხვევაში:
- საერთაშორისო აკადემიური მობილობით დაინტერესებული სტუდენტები რეგისტრაციისთვის ავსებენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას.
- რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს პირველ შესარჩევ ეტაპზე, რაც გულისხმობს ინგლისური ენის გამოცდას პირისპირ ან დისტანციური პლატფორმების გამოყენებით:
- სტუდენტს მოეთხოვება ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დადასტურება, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო დოკუმენტის (CEFR) შესაბამისად, ოთხ ენობრივ კომპეტენციაში: მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი.
- კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა გამოცდით განსაზღვრული მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 60-ის დაგროვება.
- საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპი გულისხმობს ინგლისურენოვან გასაუბრებას, რომელიც წარიმართება პირისპირ ან დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. გასაუბრებაზე ფასდება კონკურსანტთა მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით.
- გამარჯვებულ სტუდენტთან ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება, რომელშიც ჩამოთვლილია როგორც პარტნიორ უნივერსიტეტში გასავლელი სასწავლო კურსები, ისე ადგილობრივად მათი შესატყვისები, შესაბამისი კრედიტების მითითებით. აღნიშული დოკუმენტის ხელმოწერით, ევროპის უნივერსიტეტი პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტის დაბრუნების შემდგომ მის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტში დაგროვილი კრედიტების აღიარებაზე, დოკუმენტში გაწერილი სქემის შესაბამისად.
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტის მიერ სასწავლო კურსების შერჩევა-აღიარების საკითხის მოწესრიგების, საელჩოსა და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაციის მომზადებისა და ადრესატისთვის დროულად მიწოდების პროცესის მხარდაჭერაზე; გამარჯვებული სტუდენტის მასპინძელ უნივერსიტეტში გამგზავრებამდე მის სრულ ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე.
- გამარჯვებული სტუდენტი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.
საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესი