საერთაშორისო კვირეული 2024
3-7 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტმა“ ერაზმუს+ საერთაშორისო თანამშრომლობით კვირეულს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები უნივერსიტეტის როგორც აკადემიურ, ასევე ინსტიტუციონალურ მხარეს გაეცნენ და ამასთანავე, სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, ქართულ კულტურას ეზიარნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ ღონისძიებებში შვიდი ქვეყნის წარმომადგენელთა აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას.
კვირეული “ევროპის უნივერსიტეტის” ფაკულტეტების წარდგენით გაიხსნა. აღნიშნულს თან ახლდა ქართული ენის ინტერაქციული გაკვეთილი და საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების შესახებ მრავლისმომცველი პრეზენტაცია. აქტივობებმა ხელი შეუწყეს სტუმრების უნიკალურ ქართულ კულტურასთან დაახლოებას. დღის ბოლოს, მონაწილეებმა დაათვალიერეს იმიტირებული სასამართლო დარბაზი და უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი.
მეორე დღე თბილისის ისტორიული ხედების მონახულებას მიეძღვნა. ტური მოიცავდა კულტურისა და ისტორიის ყოვლისმომცველ მიმოხილვას. მონაწილეებისათვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ქალაქის უსაზღვრო ხიბლი და ცოცხალი ატმოსფერო.
კვირეულის მესამე დღე საუნივერსიტეტო გარემოს გაცნობას დაეთმო. სტუმრებმა მოინახულეს "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტები და თავიანთი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარეს კოლეგებსა და „ევროპის უბნივერსიტეტის“ თანამშრომლებს.
მეოთხე და მეხუთე დღეს სტუმრები ეწვივნენ „ქუთაისის უნივერსიტეტს“, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის ფაკულტეტების და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან. სამუშაო შეხვედრას, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თათია ხარაბაძე და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი დათუაშვილი. დღის მეორე ნახევარი დაეთმო ქალაქ ქუთაისის ტურსა და ღირსშესანიშნაობების მონახულებას. დღის ბოლოს სტუმრებმა მჭადისა და ხაჭაპურის მომზადების მასტერ კლასში მიიღეს მონაწილეობა. კვირეულის ბოლო დღეს კი ისინი სათაფლიის ნაკრძალს ეწვივნენ.
მონაწილეებმა საქართველო დატოვეს "ევროპის უნივერსიტეტისა" და „ქუთაისის უნივერსიტეტის“ საქმიანობების შესახებ გაღრმავებული ცოდნით. მათ მიერ დადებითად შეფასდა ის კულტურული, თანამშრომლობითი და აკადემიური გარემო, რომელიც მიუთითებს უნივერსიტეტების ერთგულებაზე გლობალური განათლების მიმართ.
აღნიშნული სახის ღონისძიებები ხელს უწყობს "ევროპის უნივერსიტეტის" ცნობადობის ამაღლებას კონტინენტის მასშტაბით და საფუძველს უყრის ახალ საერთაშორისო საუნივერსიტეტო კავშირებს.