28 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტს ფრაიბურგის მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, გერმანიის დამსახურებული პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, იგი ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებს შეხვდა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. პროფესორმა ჰანს იორგ ალბრეხტმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ევროპის უნივერსიტეტს თანადგომა შემდეგი მიმართულებებით შესთავაზა:
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია:
- მხარეების თანამშრომლობა ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში;
- ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორების კვლევითი ვიზიტები მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში;
- წვდომა მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკასთან, რომელსაც გააჩნია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ლიტერატურის რესურსი სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებებით;
- მონაწილეობა საერთო სამეცნიერო საგრანტო პროგრამებში;
- ერთობლივი სიმპოზიუმების, ვორქშოპებისა და კონფერენციების მოწყობა;
- სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცემებისა და ინფორმაციის გაცვლა;
- ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლობა მაქს პლანკის სხვა ინსტიტუტებთან, რომლებიც მუშაობენ სამართალმცოდნეობის სხვადასხვა მიმართულებით.
ამასთან, მხარეები ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის ერთობლივი ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.