თბილისის N6 საჯარო სკოლაში “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორების ორდღიანი ტრენინგი თემებზე – “შეფასების სისტემის რეფორმა” და “სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სწავლების მეთოდიკის ოპტიმიზაცია”, გაიმართა.
ტრენინგს ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში (EU-GS)” ტრენერები, პროფესორები – ეკატერინე ნაცვლიშვილი და ლელა აბდუშელიშვილი წარუძღვნენ.
EU GS პროექტის მიზანს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით დახმარება წარმოადგენდა და მას “ევროპის უნივერსიტეტი” 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით ახორციელებდა.
აღნიშნული ტრენინგი არ წარმოადგენდა პროექტით გათვალისწინებულ აქტივობას და მისი გამართვის ინიციატივით გამოვიდა თავად სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე, მას შემდეგ რაც პროექტის ფარგლებში, თავად დაესწრო ტრენინგ სესიებს. მას სურდა ტრენინგებზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კოლეგებისთვისაც გაეზიარებინა და შესაბამისად, გაევრცელებინა და გაემყარებინა პროექტით მიღწეული შედეგები საკუთარი სკოლის მასშტაბით.
მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა სახლის მიერ მათ რეგულარულად უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები, აღინიშნა, რომ EU GS პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო მოდულები მათთვის მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულების მატარებელი იყო. კერძოდ, პედაგოგებს მიეცათ საშუალება, დაეზუსტებინათ მათთვის მანამდე ბუნდოვანი სწავლისა და შეფასების მეთოდები, რომელთა გამოყენების დროსაც ისინი თავს ნაკლებად კომფორტულად ან კომპეტენტურად გრძნობდნენ.