16 მარტს, “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის და ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტის“ ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, ბადრი გოგუაძის წიგნის „თეოდორ სპადე“ და პროფესორ გურამ ყიფიანის წიგნის ,,ბოლნისის სიონი (ტაძრის ადრეული სამშენებლო ფენები და მისი უძველესი წარწერები)“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ლატვიისა და იტალიის რესპუბლიკის საელჩოების წარმომადგენლები. აგრეთვე საქართველოს სამეცნიერო აკადემიური წრეებისა და საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები.
აუდიტორიას სიტყვით პროფესორებმა ვალერიან ვაშაკიძემ, გიორგი გაგოშიძემ და ოთარ ჯანელიძემ მიმართეს. შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ შეაჯამა.
ბადრი გოგუაძის ,,თეოდორ სპადე“ მოგვითხრობს ისტორიულ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ლეგენდარული, ლატვიელი ადმირალის, თეოდორ სპადეს ცხოვრებაზე. სპადე იდგა პირველი რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალების შექმნის სადავეებთან და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბათუმის დაცვაში. მონოგრაფია წარმოადგენს მესამე ნაშრომს ტრილოგიისა, რომელიც მიეძღვნა 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის 100 წლის თავს.
პროფესორ გურამ ყიფიანის ,,ბოლნისის სიონი (ტაძრის ადრეული სამშენებლო ფენები და მისი უძველესი წარწერები)“ ეძღვნება ადრეული შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალურ ძეგლს, ბოლნისის სიონს, სადაც ახლებურადაა გააზრებული ტაძრის უძველესი სამშენებლო ფენები და წარწერები.
ღონისძიებაზე დამსწრეები ასევე გაეცნენ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის და ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალის ,,არქეოლოგია“ მე-7 ნომერს.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პოეტმა მაყვალა გონაშვილმა შემოქმედებითი კავშირის სახელით, ბადრი გოგუაძე ,,ქართული კულტურის ამაგდარის“ წოდებით დააჯილდოვა.
ღონისძიების დასასრულს მხატვრული დოკუმენტური ფილმის ,,ადმირალი სპადე“-ს ჩვენება გაიმართა.