სხვა სიახლეები

„გზა ევროინტეგრაციისკენ“ – სტუდენტური კონფერენცია 25 სექტემბერს “ევროპის უნივერსიტეტში” გაიმართება

გზა ევროინტეგრაციისკენ – ასე ეწოდება საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტი“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში, 25-26 სექტემბერს მოაწყობს. კონფერენციაში მონაწილეები კონკურსის წესით, მათი ნაშრომების განხილვის შემდეგ, უკვე შეირჩნენ. მათ შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტებიც.

კონფერენციაზე, რომელიც „ევროპის უნივერსიტეტის“ საკონფერენციო დარბაზში 25 სექტემბერს გაიმართება, მონაწილეებმა უნდა წარმოადგენონ თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაციები, მუშაობა კი შემდეგი სექციების მიხედვით წარიმართება:

  • ევროპული ინტეგრაცია და ინოვაციური განვითარების პერსპექტივები
  • ეკონომიკა და ბიზნესი ევროინტეგრაციის პირობებში
  • განათლება და მეცნიერება ევროპული ინტეგრაციის ფორმატში
  • ევროპული ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები

აღსანიშნავია, რომ პლენალურ სხდომასა და სექციების მუშაობას, „ევროპის უნივერსიტეტის“ დოქტორებისა და პროფესორების კონსულტაციით, თავად სტუდენტები უხელმძღვანელებენ. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო მათ მიერ წარდგენილ ნაშრომებს „ევროპის უნივერსიტეტი“ კრებულის სახით გამოსცემს. ღონისძიების საზეიმო დახურვა და ტორტის გაჭრის ცერემონია ამავე დღეს მოეწყობა.

ღონისძიების მეორე დღეს, 26 სექტემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, კონფერენციის მონაწილეები ტექნოპარკს ეწვევიან – სივრცეს, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეებისა და ბიზნესების განვითარებისთვის.

“მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ საქართველოში უკვე მეორედ გაიმართება. მის ფარგლებში არა მხოლოდ სტუდენტური კონფერენციები, არამედ სიმპოზიუმები, ტრენინგები, გამოფენები, საჯარო ლექციები და მასტერკლასებიც მოეწყობა. ფესტივალის მიზანია ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია.

ამასთან, მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების დაახლოებას.

ფესტივალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ: http://tbilisisciencefestival.ge/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *