20 დეკემბერს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის რეაკრედიტაციის პროცესისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი პროგრამის განვითარების ხელშეწყობა, არსებული გამოწვევების ანალიზი და სწავლის ხარისხის ამაღლება იყო.
შეხვედრას ,,ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი ხარისხის მიმართულებით, სოფო ხუნდაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, ელენე ჩოქური და „ვეტერინარიის“ ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ.
დისკუსიის ფარგლებში დამსწრეებმა განიხილეს პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები, სწავლების მეთოდები, კვლევითი კომპონენტის განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ასევე ყურადღება გაამახვილეს სტუდენტების საჭიროებებზე და იმ დეტალებზე რაც პროგრამის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.
შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანია პროგრამის სამომავლო წარმატებისთვის და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას აკრედიტაციის კრიტერიუმებთან. ფაკულტეტი გააგრძელებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას, რათა მიღწეულ იქნას რეალური პროგრესი და უზრუნველყოფილი იყოს სტუდენტებისათვის მაღალი ხარისხის განათლება.