„ევროპის უნივერსიტეტში“ გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობის მიზნით გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ თანამშრომლებისთვის ტრენინგი თემაზე “გენდერული მეინსტრიმინგი განათლებასა და მეცნიერებაში” ჩატარდა.
შეხვედრა „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. დამსწრეებს სიტყვით გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პროექტის მენეჯერმა მარი ჯობავამ მიმართა.
ექსპერტებმა თამარ ცხადაძემ და რუსუდან ჭანტურიამ ტრენინგის ფარგლებში ისაუბრეს გენდერული თანასწორობის კონტექსტზე საქართველოში, გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე და ვალდებულებებზე საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, გენდერულ მეინსტრიმინგზე განათლებაში და გენდერული თანასწორობის პრობლემურ არეებზე. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო და დამსწრეებმა თემის გარშემო საინტერესო დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის “გენდერული მეინსტრიმინგი განათლებასა და მეცნიერებაში” ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ თანამშრომლებისთვის ტრენინგის მეორე სესიაც გაიმართება.