საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტმა“ საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა

4-8 დეკემბერს „ევროპის უნივერსიტეტმა“ საერთაშორისო თანამშრომლობით კვირეულს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები უნივერსიტეტის როგორც აკადემიურ, ასევე ინსტიტუციონალურ მხარეს გაეცნენ და ამასთანავე, სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, ქართულ კულტურას ეზიარნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელთა აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას.

კვირეული “ევროპის უნივერსიტეტის” აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფაკულტეტების წარდგენით გაიხსნა. აღნიშნულს თან ახლდა ინფორმაციითა და მრავალფეროვანი ვიზუალური მასალით დატვირთული პრეზენტაცია საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. დღე ქართული ენის ინტერაქციული გაკვეთილით დასრულდა, რამაც ხელი შეუწყო სტუმრების დაახლოებას უნიკალურ ქართულ კულტურასთან.

მეორე დღე ძველი თბილისის ისტორიული ხედების მონახულებას მიეძღვნა. ქალაქის ღირსშესანიშნაობების ხილვას თან ერთოდა ვიზიტი ეროვნულ მუზეუმსა და გალერეაში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტები სტუმრებმა თავად იხილეს და გაეცნენ საქართველოს როგორც ანტიკურ, ასევე თანამედროვე ისტორიას.

კვირეულის მესამე დღე საუნივერსიტეტო გარემოს გაცნობას დაეთმო. სტუმრებმა “ევროპის უნივერსიტეტის” სამივე კამპუსი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და სტომატოლოგიური კლინიკა, ასევე, სტუდენტური საცხოვრებელი მოინახულეს. ამას გარდა, ცალკეული სესია მიეძღვნა ქუთაისის უნივერსიტეტს, როგორც “ევროპის უნივერსიტეტთან” აფილირებულ რეგიონალურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. დღის დასასრულს კი, ეროვნულ გალერეაში მონახულებული ფიროსმანის ნამუშევართაგან ერთ-ერთი – “მეთევზე”, კვირეულის მონაწილეებმა, ხატვის ვორქშოფის ფარგლებში თავად შეასრულეს.

მეოთხე დღეს სტუმრები აღმოსავლეთ საქართველოს ეწვივნენ, სადაც ქართული მეღვინეობის კულტურას, ღვინოს დაწურვისა და შენახვის წესებს “ქართული ღვინის მუზეუმში“ გაეცნენ. ქართული სამზარეულოს სპეციფიკის გასაცნობად, სტუმრებმა ჩურჩხელების ამოვლების, ტრადიციული თონის პურის მომზადებისა და ხინკლის მოხვევის მასტერკლასებში მიიღეს მონაწილეობა. სტუმრებმა სხვა მრავალ სასმელსა თუ კერძთან ერთად ქვევრის ღვინო და ჭაჭა დააგემოვნეს.

კვირეულის ბოლო დღე აკადემიური თანამშრომლობის, “ევროპის უნივერსიტეტის” ინტერნაციონალიზაციისა და კვლევითი საქმიანობის საკითხების შესახებ უცხოელ სტუმრებთან პირისპირ მოლაპარაკებებს მიეძღვნა.

პროდუქტიული დღის შემდეგ განსატვირთად სტუმრები ქალაქ მცხეთას ხანმოკლე ვიზიტით ეწვივნენ და ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. საღამოს საერთაშორისო კავშირების გაღრმავებისა და სასარგებლო გამოცდილებების გაზიარების მიზნით გალა-ვახშამი გაიმართა.

მონაწილეებმა საქართველო დატოვეს “ევროპის უნივერსიტეტის” საქმიანობის შესახებ გაღრმავებული ცოდნითა და ნათელი წარმოდგენით.  მათ მიერ დადებითად შეფასდა ის კულტურული, თანამშრომლობითი და აკადემიური გარემო, რომელიც უნივერსიტეტის ერთგულებაზე მიუთითებს გლობალური განათლების მიმართ.

აღნიშნული სახის ღონისძიებები ხელს უწყობს “ევროპის უნივერსიტეტის” ცნობადობის ამაღლებას კონტინენტის მასშტაბით და საფუძველს უყრის ახალ საერთაშორისო საუნივერსიტეტო კავშირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *