2 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მიხეილ ბიჭიას საჯარო ლექცია თემაზე „უსაფუძვლო გამდიდრების თეორიულ-პრაქტიკული ასპექტები (უპირატესად შესრულების კონდიქციის ჭრილში)“.
დასაწყისში განისაზღვრა უსაფუძვლო გამდიდრების არსი და ძირითადი თავისებურებები, შემდეგ კი – შესრულების კონდიქციის გამოვლენის ფორმები, მათთან დაკავშირებით თეორიასა და პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემები. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას შესრულების კონდიქციის შესახებ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და გარკვეულ საკითხებზე არსებული განსხვავებული მოსაზრებები გააცნო. აქვე განიხილეს რამდენიმე საქმე სასამართლო პრაქტიკიდან.
ლექციას ესწრებოდნენ როგორც ევროპის უნივერსიტეტის, ისე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სდასუ-ს სტუდენტები, ასევე – პრაქტიკოსი იურისტები. დაისვა საინტერესო შეკითხვები, რომლებზეც ამომწურავად გაეცა პასუხები. საბოლოოდ განისაზღვრა დასმული პრობლემების გადაწყვეტის გზები.
მიხეილ ბიჭია არის სამართლის დოქტორი, 2010 წლიდან ახორციელებს სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ევროპის უნივერსიტეტთან 2016 წლიდან თანამშრომლობს.
ამავე დროს, ის არის სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი, ადვოკატი, 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნაშრომთა ნაწილი გამოცემულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ გამოცემებში.