სხვა სიახლეები

COVID-19 – ვირუსი , რომელმაც მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი შექმნა

covid-19-virusi-romelmats-msoplioshi-akhali-dghis-cesrigi-shekmna

ევროპის უნივერსიტეტის  სამედიცინო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი –  ზაზა ავალიანი კორონავირუსის შესახებ:

კორონავირუსები (CoV) წარმოადგენენ ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსების დიდ ოჯახს, რომლებიც იწვევენ ზოგადი გაციებიდან მოყოლებული და უფრო მძიმე დაავადებებს, როგორიცაა შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS-CoV) და მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS-CoV).

დღეს მსოფლიოში გავრცელებული COVID-19 ამ ვირუსის ახალი შტამია, რომელიც  2019 წელს იქნა აღმოჩენილი და ადამიანებში პირველად გამოვლინდა.

ზოგადად, კორონავირუსები მიეკუთვნება ზოონოზურ ტიპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გადამდებია ცხოველებსა და ადამიანებს შორის. დეტალურმა კვლევებმა დაადგინეს, რომ SARS-ის გამომწვევი კორონავირუსი გადავიდა ცივეტის კატებიდან ადამიანებზე, ხოლო MERS-ის გამომწვევი, აქლემებიდან ადამიანებზე. ამათ გარდა, ცნობილია კორონავირუსების რამდენიმე ტიპი, რომელიც ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა ადამიანი ჯერ არ დაინფიცირებულა ამ შტამებით.

ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია – რესპირაციული სიმპტომები –  ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მწვავე რესპირაციული  სინდრომი, თირკმლის უკმარისობა და სიკვდილიც კი.

როგორ ვრცელდება COVID-19?

ფიქრობენ, რომ ვირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება საშუალოდ 2 მეტრზე ახლო დისტანციიდან ხველის, ცემინების ან, უფრო იშვიათ შემთხვევებში, საუბრის და სუნთქვის დროს გამოყოფილი რესპირაციული წვეთების საშუალებით.

შესაძლებელია ვირუსის გავრცელება პრაქტიკულად უსიმპტომო და ჯანმრთელი ადამიანების მიერ?

შესაძლებელია, თუმცა ეს ამ ვირუსის გავრცელების მთავარ გზას ნამდვილად არ წარმოადგენს. ყველაზე მეტად კონტაგიოზურები დაავადების სიმპტომების მქონე პაციენტები არიან.

ვირუსი ასევე ვრცელდება დაბინძურებული ზედაპირების ან ნივთებთან კონტაქტის შედეგად.

რამდენად ადვილად ვრცელდება ვირუსი?

COVID-19- ის გამომწვევი ვირუსი, როგორც ჩანს, საკმაოდ ადვილად ვრცელდება საზოგადოებაში. ასევე, არსებობს მოსაზრება (იაპონია), რომ გამოჯანმრთელების შემდეგაც გარკვეულ პაციენტებში გამოჯანმრთელებიდან მეხუთე-მეცამეტე დღის პერიოდში, ვირუსის იდენტიფიცირება ისევ შესაძლებელი გახდა მონიტორინგისთვის აღებულ ნაცხებში. მართალია, გამოჯანმრთელების შემდგეგ ყოფილ პაციენტებს მკაცრი რეკომენდაცია ეძლეოდათ, რომ 2 კვირა კარანტინში ყოფილიყვნენ, ექიმები ვერ გამორიცხავენ, იყო ეს რეციდივი თუ რეინფექცია.

მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსი ორგანიზმში აღწევს სასუნთქი სისტემის უჯრედების ზედაპირზე წარმოდგენილი ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის (ACE2) რეცეპტორებზე მიმაგრების გზით. იმისათვის, რომ შეძლოს მასპინძლის დაინფიცირება, კორონავირუსმა უნდა მოიპოვოს  ორგანიზმში შესვლის საშუალება. წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს ადამიანის ორგანიზმი არის სახლი, ხოლო კოვიდ-19 ყაჩაღია, რომელსაც ამ სახლში შეღწევა სურს. ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის (ACE2) რეცეპტორი ამ შემთხვევაში წარმოადგენს კარის სახელურს და როგორც კი ვირუსის ზედაპირზე წარმოდგენილი S-ცილა (Spike protein) ჩაეჭიდება მას, სახლის კარი გაიღება. დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით არსებული მედიკამენტებიდან, არც ერთის მოქმედების მექანიზმი არ ითვალისწინებს ამ ჩაჭიდებაზე ზემოქმედებას, შესაბამისად, ახალი მედიკამენტი სწორედ ვირუსის მიერ ACE2-ზე ჩაჭიდების ჯაჭვის დარღვევისკენ უნდა იყოს მიმართული. რაც შეეხება ვაქცინას, აქ სამიზნე უნდა გახდეს ვირუსის ზედაპირზე ამოშვერილი ზემოთხსენებული სპაიკ (S)-ცილა, ვინაიდან ეს უკანასკნელი იმყოფება კავშირში ვირუსის გარემოსთან და, შესაბამისად, მისი აღმოჩენა  იოლი იქნება იმუნური სისტემისთვის.

საერთაშორისო გენურ ბანკებში, როგორიცაა GenBank, მკვლევარებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე Sars-CoV-2 გენის თანმიმდევრობა. ეს გენური რუქა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს, დაადგინონ ვირუსის ფილოგენეტიკური ხე და, უპირველეს ყოვლისა, ამოიცნონ განსხვავებული მუტაციების მქონე კორონავირუსის ტიპები. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ვარაუდობენ, რომ სწორედ ერთერთი ასეთი მუტაცია მოხდა 2019 წლის ნოემბრის ბოლოს, რამაც ადამიანებზე გადახტომის შესაძლებლობა მისცა ვირუსს. კერძოდ, შეადარეს ახალი კორონავირუსის გენის თანმიმდევრობა Sars-CoV–ს და დაადგინეს, რომ 723-ე პოზიცია წარმოადგენს სერინს გრიცინის ნაცვლად, ხოლო 1010 პოზიციას იკავებს პროლინი იზოლეიცინის ნაცვლად. თვლიან, რომ სწორედ ეს მუტაციები შესაძლებელია იყოს დაავადების პოტენციური რეციდივების გამომწვევი.

კოვიდ-19 ით გამოწვეული დაავადება შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე. მძიმე მიმდინარეობას მიეკუთვნება მძიმე პნევმონია, მწვავე რესპირაციული დისტრესის სინდრომი და სეპტიკური შოკი. უკვე არსებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მძიმე მიმდინარეობის კოვიდ-19 – ისგან გამოჯანმრთელებული არახანდაზმული პაციენტების 10%-ს გამოჯანმრთელების შემდეგ აღენიშნება სუნთქვის ფუნქციის 30%-ით დაქვეითება, რაც მნიშვნელოვანს ხდის განკურნების შემდგომ პერიოდში ფილტვის რეაბილიტაციაზე მიმართულ ღონისძიებებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *