2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა, რომელზეც ევროპის უნივერსიტეტი ასოციაციის წევრად მიიღეს. ამასთან, ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, თამარ ზარგინავა ასოციაციიის მმართველი საბჭოს წევრი გახდა.
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია (APU) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანი თავისუფალი აკადემიის მხარდაჭერაა. ასოციაციის საქმიანობა, მისი მიზნებიდან გამომდინარე, მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ასოციაციის მიზანია, მისი წევრი უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, დამატებითი სახსრების მოძიების გზით ფინანსური ძლიერება, განათლების შესაბამისობა შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან, მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაციის გაზრდა, ინოვაციებისა და კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა.
ასოციაცია თავის წევრებს სთავაზობს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და კვლევითი საქმიანობის გაცვლის ფართო ასპარეზს. უნივერსიტეტებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება ერთობლივ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის გზით, და მოახდინონ კონსოლიდირება საერთო ინტერესების დაცვის მიზნით.
ფოტოები: APU