ევროპის უნივერსიტეტსა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ბეჩოში, ინგლისური ენის ინტენსიური კურსის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
ინოვაციური პროექტი, “ენა ყველასთვის და ყველა ასაკისთვის”, ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს და ხელმისაწვდომია ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს.
რეგიონში უცხო ენის კურსების ჩატარების ინიციატივა ევროპის უნივერისტეტის პრეზიდენტს, ლაშა კანდელაკიშვილს, ეკუთვნის, რომელმაც მსგავსი ცენტრი თავდაპირველად ლაგოდეხში გახსნა, ანალოგიური ცენტრი მოქმედებს ყვარელშიც. შემდეგ კი, იმის გათლისწინებით, რომ სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ხელი შეუწყოს ადგილობრივების ცოდნის ამაღლებას ამ მიმართულებით.
ევროპის უნივერსიტეტი, ადგილობრივებს, ინტერესის მიხედვით შესაბამისი ლიტერატურით და ინფრასტრუქტურით ამარაგებს, რაც ცენტრის კეთილმოწყობას და საბიბლიოთეკო ბაზის შექმნას გულისხმობს.