10 ივლისს, “ევროპის უნივერსიტეტმა” “CEFAM მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლის” (საფრანგეთი) პროფესორს რუჩი ანანდს უმასპინძლა.
“ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა რუჩი ანანდმა “ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა.
ლექციის მიმდინარეობისას პროფესორმა რუჩი ანანდმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე მიმოიხილა.
პროფესორმა, აგრეთვე განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებების დადებითი და უარყოფითი მხარეები და თანამედროვე ომის მახასიათებლები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუჩი ანანდმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნულმა საკითხებმა აუდიტორიაში დიდი დაინტერესება გამოიწვია, სტუდენტები დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ და მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს.
პროფესორი ანანდის შეხედულებების უფრო ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად, საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თათია დოლიძემ რუჩი ანანდი პოდკასტის გადასაღებად მიიწვია. ვიდეო ჩანაწერი, რომელიც უახლოეს მომავალში ევროპის უნივერსიტეტის სოციალურ ქსელებში განთავსდება, მოიცავს ზემოთ ხსენებული საკითხების კრიტიკულ მიმოხილვას.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტში” “ერაზმუს+” მობილობით ჩამოსულ პროფესორებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნირებების მიმართულებით, შესაძლებლობა ექნებათ პოდკასტის ფორმატში ანალიტიკურად განიხილონ მიმდინარე აქტუალური თემები. პოდკასტის ჩანაწერები „ევროპის უნივერსიტეტის“ სოციალური მედიის საშუალებით გაზიარდება. აღნიშნული სახით ინფორმაციისა და იდეების გაცვლა აღრმავებს კოლექტიურ ცოდნას როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.