ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური სწავლა-სწავლების პროცესის ინტერნაციონალიზაციის აქტივობებისთვის ინკლუზიური ხასიათის მიცემის მიზნით, ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოწყვლადი სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სპეციალურ კვოტას აცხადებს.
აღნიშნული შეთავაზება ევროპის უნივერსიტეტის “მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმებით” განსაზღვრულ შემდეგ სამიზნე ჯგუფებზე ვრცელდება:
- სოციალურად დაუცველი პირები;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
- იძულებით გადაადგილებული პირები;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები;
- მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირები;
- მრავალშვილიანი ოჯახის წევრები;
- ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილები;
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები.
მასპინძელი უნივერსიტეტი – მალაგას უნივერსიტეტი, მალაგა, ესპანეთი
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2021/2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი, 5 თვე;
სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ავიაბილეთები, ვიზის მოსაკრებელი, ტრანსფერი), ყოველთვიური სტიპენდია – 1 ადგილი
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ევროპის უნივერსიტეტის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ნებისმიერ სტუდენტს, გარდა დამამთავრებელი სემესტრისა. პრიორიტეტი მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ესპანურ ენას მინ. ბ1 დონეზე.
სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად გაიმართება.
- ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება კვირას, 28 მარტს, 19:00 სთ-ზე
წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი – Zoom-ის გამოყენებით ჩატარდება.
თუ სტუდენტი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს წარმოადგენს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, არ მოუწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ აიღებს მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას.
გასაუბრება ინგლისურ და ესპანურ ენებზე სამშაბათს, 30 მარტს, 12:00 სთ-ზე.
- გასაუბრება Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება.
შეფასების ელემენტები:
- მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
31 მარტს, კომისია კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულის მქონე მოწყვლად სტუდენტს გამოავლენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ ინგლისურენოვანი სააპლიკაციო ფორმა:
განცხადებების მიღება შეწყდება 26 მარტს, 12:00 საათზე.
ყველა სრულფასოვანი განაცხადი, რომელიც პასუხობს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, დაბარებული იქნება ინგლისური ენის ტესტირებაზე.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
ელ.ფოსტა: international.office@eu.edu.ge