ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი “ევექსის” კლინიკაში “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.
ნინო ტალიაშვილმა ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლები იმუნიზაციის პროცესში ჩართულები არიან და სხვადასხვა ქალაქებში იცრებიან, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ეს პროცესი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.
“დღეს ავიცერი “სინოფარმის” ვაქცინით. ვფიქრობ, ამ პროცესმა აბსოლუტურად ყველა უნდა მოიცვას, რადგან ვაქცინაცია არის აუცილებელი ქვეყანაში პანდემიის დასასრულებლად, აუცილებელია იმისთვის, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებებისათვის, რათა სწავლის პროცესმა სრული დატვირთვით კვლავ აუდიტორიებში გადაინაცვლოს. იმ პერიოდისგან განსხვავებით, როცა ვაქცინა სანატრელი იყო მსოფლიოსთვის, ახლა გვაქვს საშუალება და შესაძლებლობა, კოვიდ-19-ისგან შექმნილი რეალობა ჩვენ სასარგებლოდ შევცვალოთ. ასე რომ, მოვუწოდებდი ყველას, ჩვენ შეგვიძლია, ვაქცინაციით პანდემიის დასასრული დავაჩქაროთ”, – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.