ევროპის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ გიორგი ღლონტის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს. გიორგი ღლონტი იყო უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენელი, მისი საქმის პროფესიონალი, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდიოდა სტუდენტებთან ურთიერთობა და ცოდნის გადაცემა. ის დააკლდება ყველას, ვინც იცნობდა და დააკლდება საქმეს, რომელიც ძალიან უყვარდა და გულმოდგინედ ემსახურებოდა.
ის უნივერსიტეტში აფილირებულ პროფესორად 2018 წლიდან მუშაობდა და ატარებდა ლექციებს სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის, იყო ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი.
გიორგი ღლონტს ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. როგორც მოწვეული მკვლევარი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან.
მუშაობდა შსს პოლიციის აკადემიაში სისხლის სამართლის კათედრის უფროსის მოადგილედ.
გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ცხრა სახელმძღვანელო და მონოგრაფია.