ევროპის უნივერსიტეტი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) გამარჯვებული გახდა.
ევროკავშირის დაფინანსებით, ევროპის უნივერსიტეტი განახორციელებს პროექტს „სამედიცინო ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO, ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479), რომელიც საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა: საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და სხვა.
პროექტი საერთაშორისო ხასიათისაა და ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით გულისხმობს როგორც საზღვარგარეთის, ისე ადგილობრივი უნივერსიტეტების თანამშრომლობას. კერძოდ, კონსორციუმი შედგება 3 ქვეყნის 5 უნივერსიტეტისგან. ესენია: ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო); შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო); ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ესტონეთი); ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ლატვია).
CBHE პროექტები უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერას, უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობისა და პრაქტიკის/გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ „ვეტპრო“ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული რიგით მესამე პროექტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება.