“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კორპუსში ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებს შორის შეხვედრები გაიმართა.
დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ:
- შეხვედრაზე ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამასთან და სილაბუსთან დაკავშირებით. სტუდენტებს გააცნეს სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა, ასევე ისაუბრეს სასწავლო კურსების მრავალფეროვნებასა და სტუდენტის მიერ მისთვის ხელსაყრელი ალტერნატივის არჩევის შესაძლებლობის შესახებ;
- განიხილეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და საუნივერსიტეტო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაზე, რომლის საშუალებითაც სტუდენტს შეუძლია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია საგნებზე, დაგეგმოს და ჩაერთოს სასწავლო პროცესში, მიიღოს ინფორმაცია ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესახებ და ა.შ. ;
- სტუდენტები გაეცნენ მათი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმებს/უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის საგამოცდო ნაშრომის გასაჩივრების წესს და პროცედურას. ასევე, განხილულ იქნა დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წესი და პროცედურა;
- სტუდენტები გაეცნენ სტუდენტური ცხოვრების და კარიერული განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტის მხრიდან განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობას, რაც ხელს უწყობს სტუდენტის კარიერული უნარების განვითარებას;
- სტუდენტები გაეცნენ გაცვლითი პროგრამებსა და საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის პროცედურას რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ისწავლონ და გახდნენ კონკურენტუნარიანნი დასაქმების ბაზარზე.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის გაცნობითი ტური ჩატარდა.