2019 წლის 25 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტის ფინანსური სამსახურის ინიციატივით, უნივერსიტეტის 2019 წლის ფინანსური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
ევროპის უნივერსიტეტის 2019 წლის ფინანსური გეგმა 2019 წლის 10 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ლაშა კანდელაკიშვილმა დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის დამტკიცებამდე, უნვერსიტეტის ფინანსურმა სამსახურმა უნივერსიტეტის ბიუჯეტირების პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტის მიზანია, აღწეროს ბიუჯეტის შემუშავებისა და მონიტორინგის ძირითადი მოთხოვნები, სამუშაოები, მასში ჩართული მხარეები და მათი უფლება-მოვალეობები. ამავე დოკუმენტითაა განსაზღვრული ბიუჯეტის შედგენის ძირითადი ფუნქციებიც:
- უნივერსიტეტის ფინანსური რესურსების განაწილება;
- ძირითადი ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაანალიზება-შეფასება;
- პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების მინიჭება ფაკულტეტებსა და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის;
- კონტროლი.
ევროპის უნივერსიტეტის 2019 წლის ფინანსური გეგმის შემუშავების პროცესი დეცენტრალიზებული იყო – უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტისა და სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტი ინდივიდუალურად, ფაკულტეტების დეკანებისა და სამსახურების ხელმძღვანელების მიერ გაიწერა. აღნიშნულის შემდეგ, ფინანსური სამსახურის უფროსის ხელმძღვანელობით, სრულად გაიწერა ფინანსური გეგმის საბოლოო ვარიანტი. დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია, როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოების, ისე უნივერსიტეტსგარე დაინტერესებულ პირთათვის.