18 ივნისს, “გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის” ორგანიზებით “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პირველი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.
თეორიულ ტრენინგებს ანუკი ნაცვლიშვილი უძღვებოდა, რომლის დროსაც სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია FAO ვეტერინარების მიერ შესრულებულ აქტივობებზე და გამოცდილებაზე. თეორიული ტრენინგის თემა იყო: საქართველოში დღევანდელ დღეს არსებული რძის სექტორის მდგომარეობა და საჭიროებები. სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რძის პროდუქტებზე, სურსათის უვნებლობასა და კანონმდებლობაზე, კლინიკურ და ფარულ მასტიტებზე.
ტრენინგზე ასევე განხილულ იქნა ცხოველთა კეთილდღეობა და ჯანმრთელობა, ინფექციური დაავადებები, კლინიკური ნიშნები, დაავადების პრევენციისა და ვაქცინაციის მიკვლევადობის მნიშვნელობა.
ტრენინგის ბოლოს დისკუსია შედგა სურსათის უვნებლობის სხვადასხვა საფრთხეების კლასიფიკაციაზე, სადაც თავად სტუდენტებმა მოახდინეს აღნიშნული საკითხების შეჯამება.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის კუთხით, სტუდენტები გაემართნენ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში სადაც ჰოლშტეინების ფერმა დაათვალიერეს. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაეთვალიერებინათ ფერმა, დაესვათ შეკითხვები ფერმერებისთვის და გასცნობოდნენ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს რძის სექტორში.
ტრენინგის დასასრულს სტუდენტებმა თავად შეამოწმეს ნედლი რძის პარამეტრები ლაქტოსკანით და ფარული მასტიტების არსებობა. ასევე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ანტიბიოტიკების სწრაფი ტესტების გამოყენების შესახებ და პრაქტიკულად თავად შეძლეს რამდენიმე ნიმუშის გამოკვლევა.
FAO და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და მომავალში ჩატარდება დამატებითი ტრენინგი აკვაკულტურის მიმართულებით.