საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებულ “სტუდფესტის” ფარგლებში მოხალისეობის კონკურსი გაიმართა, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ამჯერად “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოხალისეობის კომპონენტის ფარგლებში, პროექტი: “დაიცავი გარემო და ერთმანეთის ჯანმრთელობა ჩვენთან – VetEUcares- თან ერთად!“ განახორციელეს, რომლის მიზანია, საზოგადოებაში გარემოს დაბინძურების სავალალო შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა განახორციელეს შემდეგი აქტივობები: 15 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ჩაატარეს საინფორმაციო პრეზენტაციები გარემოს დაცვისა და ზოონოზების შესახებ (ზოონოზები – ინფექციური დაავადებებია, რომელიც გადადის ცხოველიდან ცხოველზე, ან ადამიანზე და პირიქით). თვალსაჩინოებისათვის, სკოლის მოსწავლეებს სპეციალური ხსნარის საშუალებით აჩვენეს მიკროორგანიზმების გავრცელების იმიტაცია, რომელთა დანახვაც – ულტრაიისფერი ფარნის საშუალებით შეძლეს;
გაესაუბრნენ ცხოველთა პატრონებს ზოონოზებთან დაკავშირებით, აცნობეს მათ გარემოში დატოვებული ცხოველის ბუნებრივი ნარჩენის საშიშროებაზე და მოუწოდეს მათ, აერიდებინათ გარემო მსგავსი დაბინძურებისაგან. ამასთან ერთად დაასაჩუქრეს ისინი ბიოდეგრადირებადი ნარჩენების პარკებით და ამ პარკებისთვის განკუთვნილი ქეისებით, საინფორმაციო ტრიპლეტებით და აქსესუარებით.
დაასუფთავეს დიღმის ტყე-პარკი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ზღვის სანაპირო და მისი ტყე.