“ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვანის გათხრებში მონაწილეობენ.
“ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა და ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა, ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვანზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 2023 წლის აგვისტოდან განაახლა.
აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან 17კმ-ის დაშორებით, ნიჩბისის თემში მდებარეობს.
ექსპედიციის ხელმძღვანელია “ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ნონეშვილი.
ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვნისა და ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევას 1980-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით.
2018 წლიდან “ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა და ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა აღადგინა სრულფასოვანი კვლევითი საქმიანობა.
2018–2022 წლებში სამაროვანზე გამოვლენილი და შესწავლილია 72 სამარხი. აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები დაცულია “ევროპის უნივერსიტეტის” ისტორიულ-არქელოგიურ მუზეუმში. “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს მსგავს ექსპედიციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მუდმივად აქვთ.