10-14 ივლისს, “ევროპის უნივერსიტეტმა” ერაზმუს+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთის IGS ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ვალიდა მეღშის, მადალენა კრემონეზისა და უმაიმა მოუდნიბის უმასპინძლა. ფრანგი კოლეგების საპასუხო ვიზიტი მიზნად ინსტიტუციებს შორის არსებული აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების გამოკვეთას ისახავდა მიზნად.
სამუშაო შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ თემას IGS ჯგუფის მიერ ორგანიზებული ღონისძიება – “ერაზმუსის დღეები” – წარმოადგენდა. აღნიშნულ კვირეულზე, აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, იოსებ კელენჯერიძე და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი, ეკატერინე ნაცვლიშვილი მიიწვიეს. ამასთან ერთად, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, ოფიციალური მოწვევა “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორმა, თათია დოლიძემაც მიიღეს.
“ერაზმუსის დღეები” 2023 წლის ოქტომბერში საფრანგეთის სამ სხვადასხვა ქალაქში, ლიონში, პარიზსა და ტულუზში გაიმართება, რაც “ევროპის უნივერსიტეტის” თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და კონტაქტების გაფართოების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა კოლეგებმა კმაყოფილება გამოხატეს “ევროპის უნივერსიტეტის” პერსონალს შორის ფრანკოფონების არსებობის მიმართ, რაც მათ საფრანგეთში, IGS ჯგუფში აკადემიური მობილობის შემთხვევაში, ლექციების ფრანგულ ენაზე ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.
“ევროპის უნივერსიტეტისთვის” განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა ფრანგი პარტნიორების მხრიდან დადებითი უკუკავშირების მიღება IGS ჯგუფში სტაჟირებით მყოფი სტუდენტების მომზადების დონესთან დაკავშირებით. კმაყოფილების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, IGS ჯგუფმა “ევროპის უნივერსიტეტს” შესთავაზა დამატებითი კვოტები სტუდენტთა მობილობისთვის ლიონის კამპუსში პრაქტიკის გასავლელად.
პროდუქტიული შეხვედრებისა და კამპუსის ტურის გარდა, “ევროპის უნივერსიტეტმა” სტუმრებს სხვადასხვა კულტურული აქტივობები შესთავაზა. აღნიშნული ხაზს უსვამს “ევროპის უნივერსიტეტის” სურვილსა და მზაობას უზრუნველჰყოს კეთილგანწყობილი გარემო საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშესაწყობად.