საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ტალიაშვილს შეხვდა.
ონლაინ შეხვედრა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას და ამ მხრივ აბიტურიენტებში ევროკავშირის ცნობადობის ამაღლებას ეხებოდა.
“ძალიან მოხარული ვარ ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებით. კონკურსის იდეა ძალიან მომწონს, რადგან საფრანგეთს აქვს დიდი გამოცდილება მსგავსი კონკურსების ჩატარების, საფრანგეთის საელჩო საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქართულ-ფრანგული სკოლებისთვის, რათა აღნიშნული სკოლის აბიტურიენტებმა შეძლონ კონკურსში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელჩს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
“მსურს მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის, ასევე თქვენი წვლილისთვის, რასაც დიპლომატიური ურთიერთობის ფარგლებში აკეთებთ ორ ქვეყანას შორის მეტი დაახლოებისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, რათა ევროპულ ღირებულებებზე ვესაუბროთ ახალგაზრდებს, რადგან ჩვენი უნივერსიტეტის მიზანიც და გეგმაც არის ევროკავშირთან დაახლოება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი, რომლის განხორციელებაც მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება“, – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.
ცნობისთვის, პროექტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსს ითვალისწინებს, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ევროპის უნივერსიტეტის და საფრანგეთის საელჩოს ვებგვერდებზე განთავსდება.