ევროპის უნივერსიტეტის სესია 28-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაზე:
2020 წლის 29.08.-12.09, ქობულეთში გაიმართა მედიკოსთა 28-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „ახალი ათასწლეულის მედიცინა“, რომლის ორგანიზატორია პროფ. ალექსანდრე პაპიტაშვილი. აღნიშნული სკოლა-კონფერენცია წარმოადგენს საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის ყოველწლიურ აქტივობას. მიმდინარე წლის ღონისძიებაზე ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მიერ ინიცირებული იქნა და წარმატებით გაიმართა სპეციალური სამეცნიერო-პრაქტიკული სესია „კლინიკო-ლაბორატორული კვლევები სამედიცინო პრაქტიკაში“, მას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი მაია მანწკავა. სესიაზე მოხსენებებით წარსდგნენ მაია მანწკავა – „ჰემორეოლოგიური პარალელური კვლევები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს“, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ეკატერინე ლაბაძე – „ანთება, ანემია და ჰემორეოლოგია კუჭის კიბოს პოსტოპერაციულ პირობებში რეოლოგიური კვლევების მნიშვნელობა“ და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ სესიაზე ზუმის პლათფორმის საშუალებით მოხსენება გააკეთეს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა – გურსიმრან კაურ საშან, სარაბუ ვენკატა ნაგა მეღანა, ალიკია ჩიპურაპალი. მათი მოხსენება „რეზისტიული არტერიების ფუნქციური მდგომარეობის დიაგნუსტური მნიშვნელობა“ წარმოადგენდა ევროპის უნივერსიტეტის გრანტის GR_EU001/08/2019-ის საბოლოო მონაცემებსა და დასკვნებს.
სესიაზე განხილული იყო ლაბორატორული მედიცინის აქტუალური საკითხები და მათი გამოყენების პერსპექტივები. სესიამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა კონფერენციის მონაწილეთა შორის და ყურადღება მიიქცია მთავარი ორგანიზატორის მხრიდან, რაც აისახა ევროპის უნივერსიტეტის და საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის შემდგომი კოლაბორაციის დაგეგმვაში.