29 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა, თამარ კერძაიამ უნივერსიტეტის გუნდთან შეხევდრა გამართა.
შეხვედრაზე, რექტორმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას ინსტიტუციის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თავისი ხედვები და სამიზნე ნიშნულები გაუზიარა.
ახალი რექტორის თქმით, ევროპის უნივერსიტეტის მთავარი ფასეულობა მისი გუნდია, რომელიც ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანდება და მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული და ინოვაციური, მათ შორის, ციფრული სწავლების განვითარებით, ქმნის ხარისხიანი განათლების მიღებისა და გამოყენების შესაძლებლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
თამარ კერძაიამ წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და აქვე მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მოგვიანებით კი დოქტორანტურა New Vision უნივერსიტეტში გააგრძელა.
თამარ კერძაია კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში, მიუნსტერის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მოპოვებული აქვს DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სტიპენდიაც.
ჩაბარებული აქვს ადვოკატისა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, და ადვოკატებისათვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში (Georgian Bar Association) ტრენინგებს ატარებს; არის ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრი და გამოცემული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები.
თამარ კერძაია ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას იკავებს. არის სამედიცინო სამართლის მკვლევარი, ასევე, ექსპერტ-მრჩეველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.