2019 წლის 26 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი და იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი ეწვივნენ.
სტუმრებმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მანდატზე, პროცედურებზე, სასამართლოს ორგანოებზე და პროცესში მოწმეთა მონაწილეობაზე. მსმენელები რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სისხლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებით დაინტერესდნენ.
„გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიმართვის საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული მოთხოვნით მან თავდაპირველად წინასასამართლო პალატას მიმართა. მოთხოვნა ასევე წარადგინეს ქართულმა ორგანიზაციებმა და დაზარალებულებმა. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე მხარი დაუჭირა სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყებას. გამოძიების ეტაპზე საქმე კონფიდენციალურია, იმავე ანალოგიით, როგორც ეს ნებისმიერი ეროვნული გამოძიების დროს ხდება“, – განაცხადა კაუპო კანდმა.
კაუპო კანდი ესტონელი დიპლომატია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში სხვადასხვა პოზიციაზე და ძალიან კარგად იცნობს რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის ასპექტებს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.