სხვა სიახლეები

ტრენერთა შესარჩევი კონკურსი ტრენინგ-კურსისთვის – „სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება უმაღლეს საგანმანათლებლო პროცესში”

trenerta-shesarchevi-konkursi-trening-kursistvis-scavlebis-inovatsiuri-metodebis

ევროპის უნივერსიტეტის ინოვაციური სწავლების ტრენინგ-ცენტრი აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს ტრენინგ-კურსისთვის – „სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება უმაღლეს საგანმანათლებლო პროცესში“.

ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავს სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდების განვითარების, ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენების წახალისების გზით, სტუდენტთა მოტივაციისა და სწავლების ეფექტიანობის ამაღლებას.

ტრენერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, რომელთაც აქვთ სწავლების პროცესში ინოვაციური, მათ შორის ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენების გამოცდილება, ასევე, იდეა ან/და მოტივაცია ხელი შეუწყონ ინოვაციური მიდგომების დანერგვას სასწავლო პროცესში.

პროექტის ფარგლებში, შეირჩევა და გადამზადდება 15 ტრენერი, რომლებიც 2019 წლის 29 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაივლიან ოთხდღიან ინტენსიურ ტრენერთა ტრენინგ კურსს (TOT)- „სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება უმაღლეს საგანმანათლებლო პროცესში“.

ტრენერთა ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტ-ტრენერები ავსტრიის, უნგრეთისა და ისრაელის  უნივერსიტეტებიდან:

  • ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
  • ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
  • გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი (ისრაელი)

ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატები ოფიციალურად გახდებიან ევროპის უნივერსიტეტის ინოვაციური სწავლების ტრენინგ-ცენტრის  ტრენერები, რომლებიც ინტენსიურად გადაამზადებენ ევროპის უნვერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორებს სწავლა-სწავლებისა და შეფასების ინოვაციურ მეთოდებში.

პირველ ეტაპზე, ტრენერების შერჩევა მოხდება აპლიკაციების გადარჩევის გზით. მეორე ეტაპზე, ჩატარდება გასაუბრება. გასაუბრებაზე კანდიდატმა არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს ინტერესი და მოტივაცია მითითებული ტრენინგის მიმართ. ტრენინგები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

კონკურსის ვადები:

  1. კონკურსი გამოცხადებულია  2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით;
  2. კონკურსში მონაწილეობის  მსურველთა გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის  11-12 ივლისს;
  3. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 2019  წლის 15 ივლისს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ელ. მისამართზე trainingcenter@eu.edu.ge 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ დასახელება  – „ტრენერთა ტრენინგი“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *