სხვა სიახლეები

2019 წლის 25-27 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში, ილია ვეკუას თასზე

2019-clis-25-27-maiss-evropis-universitetshi-chatarda-saertashoriso-olimpiada

ევროპის უნივერსიტეტმა მეორედ უმასპინძლა საერთაშორისო ოლიმპიადას პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე, რომელიც მეცამეტედ ჩატარდა.

საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 25-27 მაისს ჩატარდა. ტრადიციულად, ოლიმპიადაში საუკეთესო ქართველი სტუდენტი და მოსწავლე პროგრამისტების გარდა, აზერბაიჯანის, რუსეთის და უკრაინის ძლიერი სტუდენტი-პროგრამისტები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ოლიმპიადა ილია ვეკუას თასზე მსოფლიო მასშტაბით უმაღლესი პრესტიჟულობის მქონე პროგრამისტულ ღონისძიებებს მიეკუთვნება. მაგალითისთვის, ილია ვეკუას თასის 2013 და 2014 წლების გამარჯვებული გუნდები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. 2014 წელსვე მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ვეკუას თასზე მეორე ადგილზე გასული გუნდი გახდა.

ოლიმპიადაზე, ტრადიციულად, როგორც გუნდური, ასევე პერსონალური შეჯიბრება გაიმართა. საშეჯიბრო მოედნები ორგანიზებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში და უკრაინის შემდეგ ქალაქებში – ვინიცაში, ხარკოვში, ოდესასა და უჟგოროდში.

საერთაშორისო ოლიმპიადები პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2007 წლიდან ტარდება. პირველი ოლიმპიადის გენერალური სპონსორი კომპანია ”მაგთიკომი” იყო,  ხოლო, ოქროს სპონსორი – სს ”საქართველოს ბანკი”.

აღნიშნულ ოლიმპიადას 2007, 2008 და 2013 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა,  2009 და 2010 წლებში – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულმა უნივერსიტეტმა, 2011 და 2014 წლებში – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, 2012 წელს ოლიმპიადა ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2015 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წელს ოლიმპიადას უმასპინძლა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხოლო 2018 წელს – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ოლიმპიადის ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე, მისი ერთ-ერთი ინიციატორი და ფუძემდებელი, პროფესორი ჰამლეტ მელაძეა.

წელს, 2017 წლის მსგავსად, ოლიმპიადის მთავარი საშეჯიბრო მოედანი ევროპის უნივერსიტეტში (თბილისი) მოეწყო. ევროპის უნივერსიტეტმა უკვე ორგზის უმასპინძლა უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებს და არაერთგზის უმასპინძლა მოსწავლეთა სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადას. აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის  სტრატეგიაა კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულების გაძლიერება და განვითარება.

2014 წლიდან ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

2012-2016 წლებში ოლიმპიადა ტარდებოდა საქართვლოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

2014–2015 წლებში ოლიმპიადის მხარდამჭერთა შორის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იყო.

წელს ოლიმპიადის გენერალური სპონსორობა კომპანია „ალტა სოფთვეარმა“ ითავა. ეს კომპანია დღეისთვის საქართველოში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე ორიენტირებულ კომპანიათაგან ყველაზე მსხვილია. იგი არის უპირობო ლიდერი საბანკო სექტორისთვის მიწოდებული ამ პროფილის მომსახურების ჭრილში. საკმარისია ითქვას, რომ საქართველოში მოქმედი ბანკების უმრავლესობაში დანერგილია სწორედ «ალტა სოფთვეარის» მიერ შემუშავებული საბანკო ავტომატიზებული სისტემები.

ოლიმპიადის მხაერდამჭერად წელს პირველად მოგვევლინა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში მოღვაწე კიდევ ერთი კომპანია ,,სოფთგენი”. ეს არის 2009 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც გამოირჩევა კარგი პროგრესით. დღეისთვის იმ ორგანიზაციათა რაოდენობამ, სადაც დანერგილია ,,სოფტგენის” მიერ  შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, გადააჭარბა 100-ს.

ოლიმპიადის მხარდაჭერის გაძლიერება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სფეროში მოღვაწე კომპანიებისგან პოზიტიური ტენდენციაა.

ქართველი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გასულ წლებში მათ არაერთი წარმატება მოიპოვეს. ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი სამგზის დაეუფლა ვეკუას თასს პირად ჩათვლაში, რაც აბსოლუტურად საუკეთესო შედეგია ამ ოლიმპიადების ისტორიაში. ქართველ მონაწილეთაგან საუკეთესო გუნდური შედეგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ეკეთვნის (ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, გიორგი ლეკვეიშვილი, მწვრთნელი თეოდორე ზარქუა), რომელმაც 2008 წელს მესამე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიადაზე დაწესებულია რამდენიმე სპეციალური პრიზი:
ნიკო მესხელიშვილის სახელობის პრიზი საუკეთესო უცხოური გუნდისთვის, რომელმაც საქართველოში მოწყობილი საშეჯიბრო მოედნიდან იასპარეზა, ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრიზი საუკეთესო მოსწავლისთვის. ორივე პრიზი დაწესებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. ჟიული შარტავას სახელობის პრიზი, დაწესებულია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ და განკუთვნილია საუკეთესო ქართველი მონაწილისათვის. ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზი, რომელიც დაწესებულია საუკეთესო სამხრეთ კავკასიური გუნდისთვის. პრიზის მხარდამჭერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრაგიკულად დაღუპული  პროფესორის, ევგენი პანკრატიევის ოჯახია და ტრადიციულად, პრიზის გადმოსაცემად საქართველოში სპეციალურად ჩამოდის მისი ერთ-ერთი ვაჟი – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრები გუნდების მწვრთნელი, პროფესორი ანტონ პანკრატიევი. 2015 წელს ვეკუას თასს დაეუფლა სწორედ ის გუნდი, რომელსაც ბ-ნი ანტონი ხელმძღვანელობდა და რომელიც 2 წელი ზედიზედ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი იყო. ბატონი ანტონ პანკრატიევი წელსაც ჩამოვიდა ვეკუას თასზე არა  მარტო როგორც სახელოვანი მამის პრიზის განმკარგველი, არამედ ასევე როგორც ოლიმპიადაში მონაწილე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძლიერი გუნდის მწვრთნელი.

სრული ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *